არა ტერიტორიულ კანიბალიზმს


პროექტის მიზანი - ქ. გორში, 8 აგვისტოს, 8 მხატვარი 8 საათის განმავლობაში, შექმნის 8 ტილოს, 2008 წლის ”აგვისტოს ომის” (08.08.08) თემაზე. პროექტის მიზანია შევახსენოთ მსოფლიო საზოგადოებას, რომ თანამედროვე სამყაროში დაუშვებელია ომი, ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს ტერიტორიის მისაკუთრება, ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფა და მათი გაძევება მშობლიური მიწიდან; ვუთხრათ მსოფლიოს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და ჩვენს ხელთ არსებული ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს განთავისუფლებისთვის, მისი სრული დეოკუპაციისთვის, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, დავიბრუნოთ ჩვენი ძირ–ძველი მიწა–წყალი, გვქონდეს სამშობლო, რომელშიც აღარ იარსებებენ საკუთარ კერას მოწყვეტილი დევნილები და აღარასდროს იბატონებს გადამთიელი მოძალადე.

ჩვენ სხვადასხვა სახის მშვიდობიან აქციებს მივმართავთ, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე, ამჯერად კი მშვიდობიანი ბრძოლის იარაღად ფუნჯს გამოვიყენებთ და მხატვრების მიერ შექმნილი ტილოების საშუალებით გამოვთქვამთ პროტესტს რუსული ინტერვენციის წინააღმდეგ.


პროექტის აღწერა - პროექტი უკავშირდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარ სამხედრო კონფლიქტს, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათასობით ადამიანი და ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე საკუთარ სამშობლოში იქცა დევნილად. 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან არაერთგზის გამოთქმული პროტესტის მიუხედავად საქართველოს ტერიტორიის ძირძველი კუთხეები (აფხაზეთი და სამაჩაბლო) კვლავ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ.

ქართული საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს, არსებული ვითარების წინააღმდეგ, მათ შორის ხელოვნების ენითაც. მხატვრული მარათონი მთელ მსოფლიოში აპრობირებული ფორმაა ამა თუ იმ პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. ჩვენ სწორედ ამ ხერხის გამოყენებით გვინდა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა არსებული პრობლემისადმი.

სამხატვრო მარათონი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოა.

პროექტში მონაწილეობას იღებენ სამხატვრო აკადემიის კუსდამთავრებულები, მაგისტრები და სტუდენტები.

აღსანიშნავი და სასიხარულოა მხატვართა მზაობა პროექტში მონაწილეობაზე; წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად მხატვრები საპროტესტო მარათონში მონაწილეობაზე ჰონორარის გარეშე დაგვთანხმდნენ, ასევე თანახმა არიან პროექტის ფარგლებში შექმნილი ტილოების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

შექმნილი ხელოვნების ნიმუშები გაიყიდება აუქციონის წესით და შემოსული თანხა მოხმარდება დევნილი ბავშვებისათვის სახატავი მასალების შეძენას, რომლებიც მათ უსასყიდლოდ დაურიგდებათ (ან შესაძლებელია პროექტის ფარგლებში შექმნილი 8 ტილო საჩუქრად გადაეცეს ოკუპაციის მუზეუმს).

აქციაზე მოწვეული იქნებიან, 2008 წლის რუსული ინტერვენციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები, ქ. გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის წევრები, კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

პროექტის ფარგლებში შექმნილი წიგნი უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს (აგრეთვე პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლი).

0 Response to "არა ტერიტორიულ კანიბალიზმს"

Post a Comment